ბათუმში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს
ბათუმში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

ბათუმში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს.

ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების მსურველებს საშუალება აქვთ, პირისპირ გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს. ფორუმში 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი მონაწილეობს, რომლებმაც 400-მდე ვაკანსია წარმოადგინეს.

დასაქმების ფორუმს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ერთად მართავს.

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ ფორუმის მონაწილეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ყველა იმ პროგრამისა და სერვისის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებელს სთავაზობს.

ფორუმის მიზანია დასაქმებასა და სტაჟირებაში ხელი შეუწყოს აჭარაში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიით არიან დაინტერესებული. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის პოვნა.