ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

07:14, 31.05.2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება.

სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება.

უწყება განმარტავს, რომ დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს.

დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან არის.

ვებგვერდზე worknet.gov.ge რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად მსურველი უნდა ეწვიოს ვებგვერდს – www.ssa.gov.ge, გადავიდეს დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ დროს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე. ფორუმზე რეგისტრაცია შეუძლია ყველას, ვინც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – worknet.gov.ge.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ.

ბათუმის დასაქმების ფორუმი 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მსგავსი