ბათუმში დაჭრის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა
ბათუმში დაჭრის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირი მოსამართლე ლევან გელოვანმა პატიმრობაში დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს ორ ნაწილად გაიმართა. დღეს საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა.

„ბრალდებულებმა გაიგეს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მეორე სართულზე იმყოფებოდნენ მათთან დაპირისპირებული ახალგაზრდები. არ გაითვალისწინეს, რომ იმყოფებოდნენ საავადმყოფოში, არ დაემორჩილნენ დაცვის თანამშრომლებს და შეგნებულად ჩაიდინეს ხულიგნობა, რათა მოეწყოთ ფიზიკური ანგარიშსწორება”, – განაცხადა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.

„ბრალდების მხარის პოზიცია არის უსაფუძვლო. ბრალდებას ჰქონდა დაკავებულების დისკრედიტაციის მცდელობა. დაკავებულები არიან ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და ნაწილს მონაწილეობა აქვთ მიღებული საერთაშორისო მისიებში. ისინი სპეციალურად არ მისულან საავადმყოფოში, იქ იმყოფებოდნენ მეგობრის სანახავად. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მოწინააღმდეგე მხარემ დანის გამოყენება სცადა, შემდგომში კი ცეცხლსასროლი იარაღის, ამიტომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან ხულიგნობას კი არ ჰქონდა ადგილი, ეს იყო მოგერიების აუცილებლობა”, – განაცხადა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.

შესვენების დროს პროკურატურის წინააღმდეგ ერთ-ერთმა დაკავებულმა პროტესტი გამოხატა, რის გამოც, მას დროებით დარბაზი დაატოვებინეს.

„ჩვენ თავს ვიცავდით. ყველამ დაინახა, რომ მხოლოდ თავდაცვის მიზნით დავარტყი. ჩვენ გვიპირისპირებენ ქურდული სამყაროს წევრებს და ეს ყველამ იცის. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს რამე უხერხულობა შეექმნა ჩვენი ქმედების გამო. ჩვენ გვიომია ჩვენი სამშობლოსთვის, თავის დაცვა რომ შემიძლია, არ ნიშნავს, რომ დანაშაულს ჩავდივარ. თავდაცვის ინსტინქტი ვარჯიშებმა გამომიმუშავა. ეს კრიმინალური სამყაროს წევრები სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ, როგორ მოიქცეოდით თქვენ“, – მიმართა მოსამართლეს დაკავებულმა რეზო წულუკიძემ.

ადვოკატები მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე სხვა პირების დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ დრომდე არ არის დაკავებული პირი, რომელმაც ორი ადამიანი უშუალოდ დაჭრა ცივი იარაღით.