ბათუმში, ბარცხანის დასახლების მცხოვრებლებმა ზეთის მწარმოებელ ქარხანასთან აქცია გამართეს
ბათუმში, ბარცხანის დასახლების მცხოვრებლებმა ზეთის მწარმოებელ ქარხანასთან აქცია გამართეს

ბათუმში, ბარცხანის დასახლების მცხოვრებლებმა დღეს ზეთის მწარმოებელ ქარხანასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საწარმო გარემოს აბინძურებს. ისინი ქარხნის ეკოლოგიურ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვენ.

მათი თქმით, წლების განმავლობაში უსიამოვნო სუნის, მავნე გამონაბოლქვის, ზღვაში ჩამდინარე დაბინძურებული მდინარის გამო არაერთი აქცია გამართეს, შესაბამისი უწყებებიც გააფრთხილეს და ქარხნის ხელმძღვანელობაც, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

აქციის მონაწილეებმა დღეს შპს „ივერია-ოილ ინტერნეშენალის“ ხელმძღვანელობისგან ქარხანაში შესაბამისი ფილტრების დამონტაჟება და ხარვეზების გამოსწორებამდე ზეთის წარმოების შეჩერება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრა სამინისტროში ხვალაც დაიგეგმა. მინისტრი მათ პრობლემის დეტალურ ანალიზსა და შესაბამის რეაგირებას დაჰპირდა, რის შემდეგაც აქცია დაიშალა.