ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლები მშენებარე კორპუსის დემონტაჟს მოითხოვენ 
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლები მშენებარე კორპუსის დემონტაჟს მოითხოვენ 

ბათუმში, ბაგრატიონის 28 ნომერში ახალაშენებული სახლის გვერდით კორპუსი ააშენეს. მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ახალაშენებული კორპუსები ერთმანეთთან მხოლოდ 50 სანტიმეტრითაა დაშორებული.

მათივე თქმით, მშენებლობით დარღვეულია ყველა სტანდარტი. ადგილობრივები მშენებარე სახლის დემონტაჟს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

„შეუძლებელია აქ ცხოვრება. როგორც ხედავთ ფანჯრები ერთმანეთის პირისპირაა, მზე აღარ ჩანს, აღარც ნიავი შემოდის. უკვე მოხდა არაერთი ქურდობის ფაქტი, რადგან ადვილია გადასვლა. ხანძარი რომ გაჩნდეს, ვერ შემოვა სახანძრო მანქანა. დარღვეულია ყველა სტანდარტი. ჩვენ ვიცოდით, რომ აქ სკვერი უნდა აშენებულიყო. მშენებლობა მეორე წელია, მიმდინარეობს, ვის არ მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. ვითხოვთ კორპუსის დემონტაჟს“,- განაცხადა ადგილობრივმა მადონა სამხარაძემ.

შპს „ბაგრატიონი 26“-ის დირექტორი ირაკლი აბაშიძე ამბობს, რომ მისი მშენებლობა კანონიერია და ადგილობრივების პოზიციას არ იზიარებს.

„ჩემი პროექტი უფრო ადრე დამტიცდა, მაგრამ როცა დავიწყე მშენებლობა, მეორე მშენებელმა დამასწრო. მან ადგილობრივები მოატყუა აქ სკვერი იქნებაო. ფუნდამენტის ჩასმის შემდეგ პროექტი, როგორც შემეძლო შევცვალე. დემონტაჟი გამორიცხულია. არც მშენებლობაა უკანონო. მეც ვზარალდები, ფაქტობრივად ერთ მხარეს ვერ გავყიდი”,- განაცხადა ირაკლი აბაშიძემ.