ბათუმში აქცია იმართება, რომელზეც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ
ბათუმში აქცია იმართება, რომელზეც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ

დედაქალაქის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან.

„ხალხმრავალი აქცია არ გვქონია ჩაფიქრებული, ეს აქცია ძირითადად იმ ადამიანების გასამხნევებლად დაიგეგმა, ვინც თბილისში წასვლა ვერ მოახერხა“, – განაცხადა აქციის მონაწილე გენრი დოლიძემ.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე აქციას და აქვთ იგივე მოთხოვნები – ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით და მოხდეს ხელისუფლების გადაბარება დროებით მთავრობაზე.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული. ამასთან, მოგვიანებით რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. ისინი მსვლელობით ოპერის წინ გადაინაცვლებენ.