ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ ექვსი ცათამბჯენი აშენდება
ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ ექვსი ცათამბჯენი აშენდება

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე მოედნის გაგრძელებაზე ექვსი ცათამბჯენი აშენდება. პროექტს, სახელწოდებით „ბათუმი რივიერა“ „სილქ როუდ ჯგუფი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ერთად განახორციელებს. კომპანიამ პროექტი ბათუმში საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო.

მშენებლობა რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი. პირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 65 მილიონი აშშ დოლარია, რაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი ტიპის ნაგებობის, „სილქთაუერისა“ და იახტკლუბის კეთილმოწყობას გულისხმობს.

როგორც „სილქ როუდ ჯგუფში“ აცხადებენ, პროექტზე არქიტექტურული დიზაინისა და დაგეგმარების წამყვანი საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ მუშაობს.

საცხოვრებელი აპარტამენტებისა და იახტკლუბის გარდა, პროექტი მოიცავს დამატებით ორი ჰექტარი ფართობის პარკს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში რჩება და ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი და სალანდშაფტო-სარეკრეაციო ზონა იქნება. პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება და მის გეგმარებაზეც „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს.

პროექტის განხილვამ დღეს ხმაურის ფონზე ჩაიარა. საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ პროექტი მთლიანად ჩაკეტავს ბათუმის სივრცეს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს ზღვასთან აკავშირებს, კომპანიის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ პროექტი ერთიან კომპლექსს შექმნის და არ იქნება ამოვარდნილი ქალაქის საერთო არქიტექტურიდან. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მათი პრეტენზიების გაცნობა მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტის საბოლოო ვარიანტი აჭარის მთავრობასთან შეთანხმდება და მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს.

კომპანია მშენებლობის დაწყებას 2019 წლიდან გეგმავს, პირველი ფაზის დასრულება კი 2021 წლისთვის იგეგმება.