ბათუმში ახალი სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს
ბათუმში ახალი სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს

ბათუმს მალე უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი შეემატება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და იწყება შენობის ინტერიერის მოწყობა. ტექნოპარკი და სასწავლო კორპუსი ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტუდენტთა ახალი სასწავლო კორპუსი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობაში პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება.

სასწავლო კორპუსის სივრცე დაეთმობა 11 ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამას, რომელიც 255 სტუდენტზეა გათვლილი. თითოეული პროგრამისთვის შეიქმნება ადაპტირებული სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები. ასევე, მოეწყობა ტრენინგცენტრი.

ახალ შენობაში განთავსდება ტექნოპარკი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები განავითარონ.

ტექნოპარკი ქმნის სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო რესურსები და მიზნად ისახავს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი აჭარის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან სამი მლნ-მდე ლარია გამოყოფილი“, – ნათქვამია აჭარის მტავრობის ინფორმაციაში.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.