ბათუმში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის პრეზენტაცია გაიმართა. „ევრო 5“-ის სტანდარტის დიზელის საწვავზე მომუშავე 15 ავტობუსი, რომელიც ბათუმის პორტში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს, იუსტიციის სახლის წინ გამოიფინა.
ავტობუსები ექსპლუატაციაში მომავალი თვის დასაწყისში შევლენ. სექტემბრის ბოლომდე ქალაქის ავტოპარკი კიდევ 25 ახალი ავტობუსით შეივსება.
„ქალაქის ზრდასთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტი მუდმივ განახლებას საჭიროებს, სექტემბრის ბოლოსთვის 40 ასეთი ავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, მალე გამოვაცხადებთ ტენდერს ელექტრო ავტობუსებზეც“,-განაცხადა პრეზენტაციაზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.
პრეზენტაციას ავტობუსების მწარმოებელი კომპანიის, „ისუზუს” დირექტორიც დაესწრო.
ავტობუსებისთვის ლურჯი ფერი ბათუმის მერიამ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეარჩია.