ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით სასამართლოში დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით სასამართლოში დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს

ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის მიმდინარე სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა იმართება.

პროცესი თითქმის, ორი წელია მიმდინარეობს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ რამდენჯერმე გადადო პროცესი და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა მერიასა და მუსლიმ თემს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მოსამართლემ დღეს განაცხადა, რომ შეთანხმების იმედი აღარ აქვს, თუმცა მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართა, ხომ არ ჰქონდათ კიდევ რაიმე მოსაზრება და არგუმენტები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

„მე გაოგნებული ვარ, მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან, არავითარი სითბო და სურვილი საკითხის მოგვარების არ გამოიკვეთა. მერია გვთავაზობს ჩვენი მიწა გადავცეთ სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგი ვართ, ჩვენ გვინდა საქმე ჩვენი ნდობით აღჭურვილმა პირებმა მიიყვანონ ბოლომდე. საქართველოში 32 რელიგიური გაერთიანებაა, კონსტიტუციით ყველას აქვს უფლება, ააგოს საკულტო ნაგებობა. ჩვენ, მუსლიმები მზად ვართ, ჩვენი ტერიტორიაც კი, დავუთმოთ ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანებს, მაგრამ გაოგნებული ვართ, ჩვენ, საკუთარ მიწაზე რატომ გვეუბნებიან უარს, მაშინ, როცა იგივე ტერიტორიაზე რვა საკულტო ნაგებობაა“, – მიმართა მოსამართლეს მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელმა ნოდარ პაქსაძემ.

მუსლიმი თემის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (იემსი) იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენლები დისკრიმინაციულ მიდგომაზეც საუბრობენ. მათი შეფასებით, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტს, რადგან ანალოგიურ შემთხვევებში სხვა რელიგიურ მიმდინარეობას არ ექმნება პრობლემები.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას მუსლიმი თემი წლებია ითხოვს. მათ საკუთარი სახსრებით შეიძინეს მიწის ნაკვეთიც, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის პირველივე ეტაპზე, მუსლიმ თემს უარი განუცხადა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში.