ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა 12 ივნისს განახლდება
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა 12 ივნისს განახლდება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის წინააღმდეგ მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა 12 ივნისს განახლდება. რამდენჯერმე გადადებული პროცესი დღეს მხარეთა პაექრობის შემდეგ ისევ გადაიდო.

მოსამართლემ ერთი თვის წინ პროცესი იმ მოტივით გადადო, რომ დავა მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილიყო, რაც მერიის წარმომადგენელმა მოითხოვა, თუმცა დღემდე მერიას მუსლიმ თემთან შეხვედრა ამ თემაზე არ გაუმართავს. დღევანდელ პროცესზე მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო შეხვედრისთვის დრო ვერ გამოძებნეს.

მუსლიმი თემის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნოდარ პაქსაძემ მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ თავს დაჩაგრულად მიიჩნევს.

„ჩემს თავს ვთვლი დაჩაგრულად. სახელმწიფომ ვერ შეძლო შეხვედრის გამართვა, რომ მეჩეთის მშენებლობაზე გვესაუბრა. სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმ თემთან არის დისკრიმინაციული. მიკვირს, რატომ არ შეიძლება საინიციატივო ჯგუფთან საუბარი? მაშინ, როცა სასამართლოში საკუთარ მიწის ნაკვეთზე ვსაუბრობთ, პარალელურად ჩვენი მიწის მიმდებარედ რვა ეკლესია მდებარეობს. სად ვეძებო სამართალი და ვის ველაპარაკოთ?“, – მიმართა მოსამართლეს მუსლიმი თემის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნოდარ პაქსაძემ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კი განაცხადა, რომ სასამართლოს მოწოდება, მხარეებს დიალოგის გზით გადაეჭრათ პრობლემა, მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ პროცესი არ გაჭიანურებულიყო, რადგან გასაჩივრებულია მშენებლობის ნებართვის მიღების მხოლოდ პირველი ეტაპი, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მომდევნო ორი ეტაპის გავლა მუსლიმ თემს ისევ მერიასთან მოუწევს.

„სასამართლოს მცდელობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ემსახურება იმ მიზანს, რომ საკითხი გადაიჭრას სწრაფად. ეს დავა მხოლოდ სამართლებრივი არ არის საზოგადოებისთვის, ეს საკითხი რეზონანსული და სენსიტიურია… მაგრამ სასამართლო მას განიხილავს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში… მხარეს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ სასამართლო განხილვას აჭიანურებს. ყველა დავა უნდა დასრულდეს ბოლოს“, – განაცხადა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

მუსლიმები ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას წლებია, ითხოვენ. თავდაპირველად ისინი სახელმწიფოს მიწის გამოყოფას სთხოვდნენ მეჩეთის ასაშენებლად. 2017 წელს კი მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა ბათუმის მერიამ ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი პროცესის პირველივე ეტაპზე უარი უთხრა, რაც მუსლიმმა თემმა სასამართლოში გაასაჩივრა.