ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება
ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ მართავენ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო გაერთიანებებისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აჭარაში საპროტესტო აქტივობებს გაუწევს კოორდინაციას.

საინიციატივო ჯგუფში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „ევროპული საქართველოს“ , „შენების მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის” წევრები გაერთიანდნენ.

მათ აქციის მონაწილეებს 17 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

„შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გავერთიანდით, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებები, ასევე მხარს გვიჭერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მიზანია ქართველი ახალგაზრდების სისხლის ფასად მოპოვებული პროპორციული საარჩევნო სისტემის დაცვა. ჩვენი განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ეს არის ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც გაგვაერთიანა.

აქვე ვაცხადებთ, რომ ვუერთდებით თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციას და ვაპირებთ პერმანენტულ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის”, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.