ბათუმში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნება
ბათუმში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნება

ბათუმში დღეს 9 აპრილის მემორიალი გაიხსნება. მემორიალი გმირთა ხეივანში განთავსდა.

გასული წლების განმავლობაში 9 აპრილი ბათუმის ბულვარში, მემორიალურ დაფასთან აღინიშნებოდა. აქვე იგეგმებოდა უშუალოდ მემორიალის განთავსებაც.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მემორიალი წარმოადგენს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირვისა და თავისუფლების სიმბოლოს. ესკიზის ავტორია თეიმურაზ მახარაძე. სამუშაოებისთვის 108 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

დღეს მემორიალს ყვავილებით შეამკობენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.