ბათუმში 23 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს
ბათუმში 23 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს

სტიქიის შედეგად სხვადასხვა დროს უსახლკაროდ დარჩენილ 23 ეკომიგრანტ ოჯახს ბათუმში, ურეხის სოციალურ სახლში დღეს საკუთრებაში ბინები გადასცეს.

ბინები კეთილმოწყობილია, უზრუნველყოფილია თანამედროვე ტიპის გათბობისა და წყლის გამაცხელებელი სისტემებით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ობიექტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 432 ათას 788 ლარი დაიხარჯა.

ბინები ეკომიგრანტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონში სოციალური პროექტების განხორციელება გაგრძელდება.

„სულ ახლახან კაპრეშუმში 50 ოჯახს გადავეცით ბინა. სოციალური სახლების მშენებლობისთვის, 2012 წლიდან დღემდე, აჭარის ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარია დახარჯული. ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტებიდან კი 4 მილიონ ლარამდე. ეკომიგრანტებისთვის ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალური პროგრამა. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა“,-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებითა და შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით გადანაწილდა. სოციალურ სახლებში ბინებით უზრუნველყოფის პარალელურად, აჭარის მთავრობის პროგრამით 2016 წლიდან დღემდე, 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა. თითოეულ მათგანს, საცხოვრებელი ფართობის შესასყიდად, გამოეყო თანხა 25 000 ლარის ფარგლებში.