ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 2021 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო.

ტრაგედიის ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად დააანონსა.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს. ახალ საცხოვრებელ სახლში სრულად დაკმაყოფილდება ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახი.

„ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. მძიმე ტრაგედია გამოდგა როგორც ჩემთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ტრაგედიის მომსწრე იყო. იმედი მაქვს, რომ თითოეული ოჯახი ახალ სახლში მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას“, – განაცხადა თორნიკე რეჟვაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 8 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.

2021 წლის 8 ოქტომბერს კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. 52 დაზარალებული ოჯახი კი მერიამ ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა. მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული ორი მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.