ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა
ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში შესვლასა და გამოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, თბილისსა და რუსთავთან მიმართებით გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებული ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები. ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან. თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი სხვა შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი.