ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის სამედიცინო ცენტრს დეზინფექცია უტარდება
ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის სამედიცინო ცენტრს დეზინფექცია უტარდება

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, სადაც ბათუმში ინფიცირებული 60 წლის ქალთან დაკავშირებული კლასტერის წევრები იმყოფებოდნენ, დაკეტილია. მედპერსონალი ეზოშია გამოყვანილი და მიმდინარეობს შენობის დეზინფექცია.

ადგილზე იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

ნიჟარაძის განცხადებით 60 წლის ქალის კლასტერთან დაკავშირებული პირები, მათ შორის მამა, რომელსაც დღეს დაუდასტურდა ვირუსი, მარტის ბოლოს იმყოფებოდნენ კლინიკაში სხვადასხვა ჩივილებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს ვიზიტებისას ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი მედიკოსების იდენტიფიკაციის პროცესი. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მიმდინარეობს საკითხზე სამედიცინო მოკვლევაც.

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი ინფიცირებული 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.