ბათუმსა და ქობულეთში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა
ბათუმსა და ქობულეთში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა

ბათუმში თევზის ბაზარი და აგრარული ბაზრის ღია ნაწილი გაიხსნა. მოვაჭრეები საკუთარ დახლებთან დილიდან გამოჩნდნენ, თუმცა ნაწილი სრულყოფილ საქმიანობას ხვალიდან შეძლებს, რადგან გასაყიდი საქონლის შესყიდვა დღეს ვერ მოახერხა. ხვალიდან გამოჩნდება ასევე ბაზრობაზე თევზიც.

სიტუაციას ადგილზე მერიის ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლები აკონტროლებენ და ხმის გამაძლიერებლის საშუალებით, უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ერთი თვეა არ მიმუშავია, ძალიან კარგია, რომ გავიხსენით. გვითხრეს, რომ ყოველ დღე შეგვამოწმებენ თერმოსკრინინგით, პირბადე და ხელთათმანები აუცილებელია, ეს წესები, რა თქმა უნდა, საჭიროა ჩვენთვისაც და მყიდველისთვისაც. ჩვენ ორი თანამშრომელი ვართ ამ დახლთან და ერთმანეთს ორ მეტრზე მეტად არ ვუახლოვდებით“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ბაზრობების ტერიტორიებს გუშინ ჩაუტარდა დეზინფექცია. დღეს ადგილზე სიტუაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. ტიტე აროშიძის განცხადებით, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უსაფრთხოების წესებს ადგილზე გააკონტროლებს.

ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა ქობულეთშიც.