ბათუმს ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვევა
ბათუმს ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვევა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს 4 სექტემბერს გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი ეწვევა.

ფესტივალის ფარგლებში 5, 6 და 7 სექტემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება მიშელ სონის მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისათვის. მასტერკლასებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის იქნება შესაძლებელი .

9 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში, დაგეგმილია მაესტრო მიშელ სონის ლექცია-სემინარი „მუსიკის გავლენა განათლებაზე“, მუსიკის პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის. სემინარზე დასწრების სურვილი მრავალმა პედაგოგმა გამოთქვა, მათ შორის თბილისში მოქმედმა აფხაზეთის სამუსიკო სკოლის ახალგაზრდა პედაგოგებმაც.

გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“ და მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდი Sos Talents, ერთობლივად ზრუნავენ ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენაზე, რომლებსაც საშუალება ეძლევათ გაიარონ მიშელ სონის მასტრკლასები, გაემგზავრონ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მაღალი დონის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

მიშელ სონის ინოვაციური მეთოდი მსოფლიოს მუსიკალურმა სამყარომ დიდი ხანია აღიარა და მას „სონის ჯადოქრობა“ უწოდა. მის მიერ შექმნილი სავარჯიშოები და ნაწარმოებები შემსრულებლებს ასწავლის როგორ აღიქვან მუსიკა და დაეუფლონ მისი გადმოცემის ხელოვნებას.