ბათუმმა ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა
ბათუმმა ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა

ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო, ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.

„World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი“, – წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

ბათუმის მერიის ცნობით, World Travel Awards-ის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ბათუმმა 10 ქვეყნის ტურისტულ მიმართულებაზე მოიპოვა გამარჯვება და ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება 2022 გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმმა ეს ტიტული 2019 წელსაც დაიმსახურა.

ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.