ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სასულიერო პირები ლოცვებს პირბადით აღავლენენ
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სასულიერო პირები ლოცვებს პირბადით აღავლენენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება ლოცვებს პირბადით აღავლენს. ასევე, პირბადეებით იქნებიან სტიქაროსნები და მგალობლები. ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პირბადეები სავალდებულო იქნება მრევლისთვისაც.

დეკანოზი ამბობს, რომ მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვა მრევლს ტაძარში მისასვლელად დისკომფორტს ვერ შეუქმნის. ეპარქიაში სააღდგომოდ ღამის ლოცვები მრევლის გარეშე ჩაივლის. წირვა კი, კვირას, დილის შვიდ საათზე დაიწყება და მრევლს დასწრების საშუალება ექნება.

„მრევლი ისევე, როგორც მე პირადად, ნახევარი საათით ადრე გამოვედით სახლიდან და მოვედით ტაძარში ფეხით. როდესაც მოვდიოდი ვფიქრობდი, რომ ქრისტემ ჩვენს გამო გოლგოთის გზა გაიარა ჯვრით მხარზე და შემდგომ ჯვარზე გაეკრა მთელი სამყაროს ცოდვებისათვის. ეს რაღაცნაირად ჩემს სულიერ მდგომარეობას ამაღლებულს ხდიდა და ამაში დავინახე რაღაც დადებითი. ასე რომ, მრევლსაც შეუძლია ფეხით მოვიდეს. მით უფრო, ბათუმი არ არის დიდი ქალაქი და არ არის რთული ერთი წერტილიდან უახლოეს ტაძრამდე მისვლა. მოგეხსენებათ, რომ დახურულ სივრცეებში აუცილებელია პირბადის გაკეთება და ჩვენთანაც სტიქაროსნებს, მგალობლებსაც, მედავითნესაც, მრევლსაც, ვინც დგას ყველას უკეთია პირბადე. მეც პირბადით ვარ“, – განაცხადა იოანე გორელიშვილმა.