ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, თუმცა მას განაჩენი არ წაუკითხავს, რადგან დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ერგასლან ლომაძეს. საქმეზე ბრალდებულ ოთხ პირს, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძეს, ბათუმის ვიცე-მერის თენგიზ პეტრიძის, საქალაქო ინფრასტრუქტირისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძესა და მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსს, ბექა ხალვაშს ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე გასული წლის 30 მაისს დააკავეს. ამ პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2016 წელს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად ერთი მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.

ერმაკოვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.