ბათუმის სტადიონზე უკვე მეორე იარუსს აშენებენ
ბათუმის სტადიონზე უკვე მეორე იარუსს აშენებენ

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები დეკემბერში დაიწყო და უკვე ტრიბუნების ამოყვანა დაიწყეს. პირველი იარუსის კონსტრუქციების მშენებლობა დასრულდა და მეორე იარუსის კოლონების მოწყობა დაიწყო, ხოლო სტადიონის გადახურვის სამუშაოები სექტემბრიდან იგეგმება. ამ დროისთვის 200 ადამიანია დასაქმებული.

ჩანაფიქრის მიხედვით, UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი სტადიონი უნდა აშენდეს, რომელიც 20 000 მაყურებელს დაიტევს. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა და მთლიანობაში, 500 ადამიანი დასაქმდება. ხელშეკრულების თანახმად, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად, დღეს სტადიონის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო – მათ პროექტის განხორციელებაზე ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

ბათუმელები სტადიონის აშენებას 2006 წლის შემდეგ ელოდნენ, როდესაც ბულვარში მდებარე საფეხბურთო არენა დაანგრიეს. არაერთი დაპირებისა და ტენდერის მიუხედავად, სტადიონის მშენებლობა მხოლოდ 2017 წელს დაიყო.