ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე უმცირესი ფასი შპს „ანაგმა“ წარადგინა
ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე უმცირესი ფასი შპს „ანაგმა“ წარადგინა

ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე უმცირესი ფასი (99 448 549 ლარი დღგ-ს გარეშე) შპს „ანაგმა“ წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის სხდომაზე შედეგები 1-ელ დეკემბერს განიხილეს.

სატენდერო კომისიის დადგენილებით, კომპანია სატენდერო პირობებს აკმაყოფილებს, მაგრამ მოსთხოვა, რომ 7 დეკემბრამდე წარადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ხელშეკრულებით აღებული რამდენიმე ვალდებულება შეასრულა – მათ შორის, CBD DEVELOPMENT-თან, “M2 ნუცუბიძეზე”-თან და “M2 თამარაშვილზე”-თან, ასევე უნდა წარადგინოს რამდენიმე თანამშრომელის კომპეტენციის დამდასტურებელი დოკუმენტაცია.

ბათუმში, ახალი, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის ასაშენებლად მსხვილი ტენდერი 19 ოქტომბერს გამოცხადდა – სამუშაოებისთვის 101.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული (დღგ-ს ჩათვლით 120 მლნ).

ტენდერით შპს „სტადიონი“ არჩევდა შემსრულებელს, რომელიც ბათუმში უეფას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეში ააშენებს.

წინადადებების წარდგენის ვადა 21 ნოემბერს ამოიწურა.

ცნობისთვის: ამჟამად, საქართველოში უეფას კრიტერიუმებით, უმაღლესი, IV კატეგორიის მხოლოდ ერთი სტადიონი – “დინამო არენაა” და სხვაგან მაღალი დონის თამაშის ჩატარება გამორიცხულია.