ბათუმის სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა
ბათუმის სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

ბათუმის სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. გამარჯვებული კომპანია ხუთი დღის ვადაში დასახელდება. ამ ეტაპზე, დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი 101 მილიონ 700 ათასი ლარზე იყო გამოცხადებული, თუმცა „ანაგმა“ 99 მილიონ 448 ათასი ლარის შეთავაზება გააკეთა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ბათუმის სტადიონის მშენებლობის პრეტენდენტი შპს „ანაგია“, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.

ტენდერი ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა.

სტადიონი ბუნებრივსაფარიანი იქნება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე 8 ჰექტარზე განთავსდება. შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება არქიტექტურული მემბრანით. იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის „დინამოს“ დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.