ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტრადიციულად, წინა ღამით 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს ზღვისპირა პარკში, მემორიალურ დაფასთან ანთებული სანთლებით.

მანამდე კი უნივერსიტეტში 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ნაჩვენები იყო მაშინდელი მოვლენების ამსახველი ვიდეორგოლები. წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო.

„9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო. თავისუფლებისთვის ბრძოლას ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მადლობა მათ ამ თავდადებისთვის და მოპოვებული თავისუფლებისთვის. ეს იყო უდიდესი ტესტი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობში, დღეს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

30 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე ისაუბრეს ასევე, უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

9 აპრილის ტრაგედიიდან ხვალ 30 წელი სრულდება. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.