ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მერაბ ხალვაში აირჩიეს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მერაბ ხალვაში აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით მერაბ ხალვაში აირჩიეს. მოქმედ რექტორს მხარი აკადემიური საბჭოს 11-ივე წევრმა ერთხმად დაუჭირა.

რექტორის არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. მერაბ ხალვაში და აჭარის განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი.

ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ აკადემიურმა საბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და შედეგებს გაასაჩივრებს.

„წინასწარ ვიცოდი, რომ ეს შედეგი დადგებოდა, ეს იყო გარკვეული საკითხების ლუსტრაციაც, ამ ეტაპზე მე ვიყავი უნივერსიტეტისთვის მიუღებელი, რადგან ვარ გათავისუფლებული და ეს არჩევნების შედეგიც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ინგა შამილიშვილმა.

მერაბ ხალვაში კი, რომელიც დღეიდან რექტორობას მეორე ვადით შეუდგა, ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი უნივერსიტეტის საერთაშორისო არენაზე უფრო წარმატებული პოზიციის მოპოვება და ახალი კორპუსის მშენებლობისთვის ინვესტიციების მოძიება იქნება.