ბათუმის შესასვლელებში ხვალიდან საგუშაგოები ამოქმედდება, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ
ბათუმის შესასვლელებში ხვალიდან საგუშაგოები ამოქმედდება, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ

ხვალ დილიდან ბათუმის შესასვლელებსა და გასასვლელებში ბლოკ-საგუშაგოები ამოქმედდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, თითოეული მოქალაქე აღნიშნულ საგუშაგოებს თერმოსკრინინგის შემდეგ გადალახავს. პროცესს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დანაყოფები გააკონტროლებენ.

„რისკები ყოველდღიურად იმატებს. ხვალიდან უკვე ამოქმედდება გამკაცრებული წესები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს სრულ კარანტინს ქვეყანაში. ასევე, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში, განთავსდება შესაბამისი ბლოკ-საგუშაგოები, სადაც გაივლიან მოქალაქეები თერმოსკრინინგს. ეს არის აუცილებელი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ბათუმი არის საზღვრისპირა ლოკაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა ღონისძიება იყოს გატარებული ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამას შესაბამისად უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ძალების დანაყოფები, ასევე მუშაობს აჭარასა და ყველა რეგიონში საველე ოპერაციების შტაბი. ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ხდება ინფორმაციის დამუშავება და გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც აჭარაში საველე ოპერატიულ შტაბს ხელმძღვანელობს.