ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, ათი ოჯახი ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვს
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, ათი ოჯახი ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვს

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრები ათი ოჯახი სასწრაფო განსახლებას ითხოვს, დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. ამბობენ, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველი გახდა.

„ჩვენს ქუჩაზე ყოველდღიურად მძიმე ტექნიკა მოძრაობს, რომელიც ავტობანს აშენებს. მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ საცხოვრებელი სახლები დაგვიზიანა. ბზარები გაჩნდა და ყოველ წუთს შესაძლებელია, რომ სახლები ჩამოინგრეს. მოვითხოვთ ტერიტორიიდან გასახლებას ან კომპენსაციას. მშენებელ კომპანიას არ აინტერესებს ჩვენი პრობლემა, ამიტომ მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, ტერიტორიიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს, 10 ოჯახი კი, გაურკვეველი მიზეზით დატოვეს.

„დასახლებაში ცხოვრობდა ათეულობით ოჯახი, რომელთა განსახლებაც ადრე განხორციელდა. გაუგებარი დარჩა, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს მაშინ, როცა ამ 10 ოჯახის გასახლება არ მოხდა და სიცოცხლისა და უსაფრთხო ცხოვრების უფლება დაირღვა. კომპანია ამ ხალხს ეუბნება, თქვენ ხელს არ გვიშლითო, მაგრამ არავინ ინტერესდება, თუ რამდენად უშლის ხელს თავად მოსახლეობას მშენებლობა”,-აცხადებს თამაზ ბაკურიძე

ოპიზრების ქუჩაზე ოჯახების ნაწილი თვითნებურადაა შესახლებული, რამდენიმეს კი, სახლი უკვე საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული.