ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული საბაკალავრო პროგრამა ინგლისურ ენაზე შეისწავლონ
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული საბაკალავრო პროგრამა ინგლისურ ენაზე შეისწავლონ

საქართველოს საზღვაო განათლების ისტორიაში პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული საბაკალავრო პროგრამა ინგლისურ ენაზე შეისწავლონ – ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აკრედიტაციის საბჭოს 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ წარდგენილ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას „საზღვაო ნავიგაცია“ სრული/უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.

აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის შეფასებით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში საზღვაო განათლების ინტერნაციონალიზაციის გასაძლიერებლად და საერთაშორისო ურთიერთობების გასამყარებლად“.

„ვულოცავ აკადემიის სტუდენტებს და ვუსურვებ ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას მათი წარმატებული კარიერის უზრუნველსაყოფად. აქვე, აღვნიშნავ საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის დიდ ძალისხმევას ამ წარმატებული შედეგის მიღწევაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა ირაკლი შარაბიძემ.

„2012 წლიდან დღემდე სახელმწიფომ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზღვაო განათლების მხარდასაჭერად. 2020 წელს დასრულდება ულტრათანამედროვე საწვრთნელი აუზიც, რომლის ანალოგიც მეზობელი ქვეყნებია საზღვაო სასწავლებლებს არ გააჩნიათ. სახელმწიფოს მხარდაჭერით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთ-ერთ წარმატებულ და ძლიერ საზღვაო სასწავლებლად ყალიბდება შავი ზღვის აუზის რეგიონში“, – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.