ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გუშინ გვიან ღამით, საპროტესტო მსვლელობის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების პროცესი უნდა გაიმართოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, დაჯარიმებულია ყველა დაკავებული პირი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ჭედიშვილის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ჩვენი ერთადერთი და უპირობო მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილმა. ის ყოველთვის გამოირჩევა აგრსეიით და ძალის გადამეტებით ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ. გუშინ რაც მოხდა, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ყოველგვარი კანონიერი ჩარჩოებისგან იყვნენ გამოსული, პოლიციელებზე მაქვს საუბარი. თუ მაინც და მაინც აქციის მონაწილეები არღვევდნენ კომენდანტის საათს, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება უნდა მომხდარიყო, მაგრამ მათმა აგრესიულმა და პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ აქციის 11 მონაწილე უსასტიკესი მეთოდებით იქნა დაკავებული და ამის უკანონო მომწოდებელი იყო ირაკლი ჭედიშვილი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბონდო თედორაძემ.

დაკავებული 11 პირიდან ორი ხელწერილისა და 2 000-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს.