ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა ჩვენება მისცა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა ჩვენება მისცა.
სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელს პირველად დაუსვეს კითხვები დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის შესახებ.
„ჩემს თაობაში, მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას. მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. მე და ჩემი მეგობრები როდესაც ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა. პროფესიულ, კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს. ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი გამოიძია. ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვავდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება, რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელის დაკითხვამდე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ამაღლობელის ტრიბუნასთან დაკითხვის შესახებ, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ამასთან, მოსამართლემ, შეძახილებისა და ხმაურის გამო, პროცესის სხვა დარბაზში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დარბაზში მყოფბის მხრიდან ხმაური მოჰყვა.