ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება.

სხდომის დაწყებისას დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი, ერთი პირი კი თავად მოსამართლემ გააძევა, ასევე, დარბაზი დაატოვებინა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს იმ მოტივით, რომ ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში გადასცემდა პროცესს, რაც კანონით აკრძალულია, თუმცა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პროცესი, კანონის შესაბამისად, რამდენიმე წუთის დაგვიანებით გადაიცემოდა.

რაც შეეხება ირაკლი დგებუაძის დაკითხვას, მან დეტალურად ისაუბრა ბათუმში საპროტესტო აქციების შესახებ და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებთან პოლიციას მეგობრული ურთიერთობაც კი ჰქონდა, თუმცა, მისივე თქმით, ვითარება რადიკალურად შეიცვალა 11-12 მარტის ღამეს, როცა დააკავეს გოგონა, რომელმაც პოლიციელს სტიკერი მიაკრა. დგებუაძის განმარტებით, აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამმართველოსთან გადაინაცვლეს, განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ. ირაკლი დგებუაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებული ორი პირი იყო ნასვამ მდგომარეობაში და შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს. დგებუაძის განცხადებით, სწორედ ამ პირებთან დაკავშირებით ჰკითხა მზია ამაღლობელმა მას, რატომ დააკავეს მისი ოჯახის წევრები, რასაც მოჰყვა აგრესია და სილის გაწვნა.

„თავად აქციის მონაწილეებიც კი გაოგნებული იყვნენ მისი ამ აგრესიითა და ქცევით, პოლიციელებზე რომ არაფერი ვთქვათ. მე განვიცადე ტკივილი და თუ ვინმე მეტყვის სინონიმს, რა შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა სილის გაწვნის შედეგად, რა შეიძლება იგრძნოს, კი ბატონო“, – განაცხადა დგებუაძემ.

ირაკლი დგებუაძე უპასუხებს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შეკითხვებს. პროცესს ესწრება თავად მზია ამაღლობელიც.