ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

17:29, 23.06.2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

როგორც ბრალდების მხარემ სხდომაზე განაცხადა, მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. სასამართლო სხდომას ესწრებოდა ბრალდებული მზია ამაღლობელი, რომელმაც მოსამართლეს მიმართა.

„სიმართლე გითხრათ, ფორმალობაა ეს ყველაფერი. სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება ქვეყანაში პროცესები, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ყოველდღე ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც მე ამ პატიმრობაში ვარ, აკავებენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს. ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. სიმართლე გითხრათ, სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში. იმიტომ კი არა, რომ ვიმსახურებ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არ მგონია, მოსამართლეობა იმიტომ გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ. მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ“, – მიმართა მოსამართლეს მზია ამაღლობელმა.

ამასთან, ამაღლობელის ადვოკატის, მზია მწარიაშვილის განცხადებით, თავისი დაცვის ქვეშ მყოფს მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს. როგორც ადვოკატი ამბობს, მას ეს პრობლემა დაკავებამდეც ჰქონდა და პატიმრობაში კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

„ერთ თვალში, პრაქტიკულად, მხედველობა არ აქვს – 0.4 %, მეორე თვალში კი მხოლოდ სათვალით არის შესაძლებელი მხედველობის 40%-მდე გაზრდა. ამის ყველანაირი დოკუმენტაცია აქვთ, მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნაც, მაგრამ თუ არ უნდათ, არ ჩაიხედავენ. ამის მიუხედავად, მოსამართლემ იგი მაინც პატიმრობაში დატოვა. არ მინდა, ცუდი სიტყვები გამოვიყენო, მაგრამ ერთხელ ხომ მაინც შეიძლება პროფესიული ღირსება გამოავლინო. მართლმსაჯულებაში ყველაფერი ფორმალური გახდა“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა.

საქმის პროკურორის, თორნიკე გოგეშვილის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გათავისუფლების საფუძველი, რადგან მზია ამაღლობელისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომია.

„რაც შეეხება ახალი დანაშაულის საფრთხეს, დიახ, ეს არსებობს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ერთხელ ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ამაღლობელმა გათავისუფლებისთანავე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.

სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მზია ამაღლობელის საქმის განხილვას დღესაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მსგავსი