ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების" მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დაიკითხა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების" მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დაიკითხა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დღეს მოწმის სახით „ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დაიკითხა.

„ამ დარბაზში ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად ასლან აბაშიძის დროს. ცოტა განსხვავებული დარბაზი იყო და ჩვენება მივეცი აბაშიძის მთავრობის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ, რომელიც მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად არბევდა. მეორედ მაშინ ვიყავი, როცა სააკაშვილის ხელისუფლების კუდ-ის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ განიხილებოდა საქმე. მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე დავიკითხე. დარწმუნებული ვარ, ერთხელ კიდევ მოვალ, როცა დგებუაძისა და ბესელიას წინააღმდეგ მივცემ ჩვენებას“, – განაცხადა ეთერ თურაძემ.

ეთერ თურაძემ სასამართლო სხდომაზე გაიხსენა 11-12 იანვრის მოვლენები, როდესაც აქციაზე იმყოფებოდა და მზია ამაღლობელი დააკავეს.

პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილის გამოჩენისთანავე ისმოდა შეძახილები – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“. პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელიც.