ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები განცხადებას ავრცელებენ
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები განცხადებას ავრცელებენ

მოსამართლე ირაკლი შავაძესთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას სიცრუის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენივე კოლეგა ირაკლი შავაძე მიზანმიმართულად ავრცელებს სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ.

თითოეულ ჩვენგანს გათავისებული გვაქვს, რომ მოსამართლის კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სასამართლომ შეასრულოს თავისი როლი კანონის უზენაესობის დაცვაში.

მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა ინდივიდუალურად დავიცვათ და პატივი ვცეთ იმ ნდობას, რომლითაც საზოგადოება ეკიდება მოსამართლის როლს და ვიზრუნოთ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ზემოხსენებული პრინციპების დაცვით საქმიანობს. გვინდა შევახსენოთ ბატონ შავაძეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობას გაგვაჩნია მასზე ხანგრძლივი ურთიერთობა სასამართლოს თავმჯდომარესთან და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა დავით მამისეიშვილის მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის დროს, რომ კონკრეტულ განსახილველ საქმეზე ეთხოვა მისთვის „სასურველი“ გადაწყვეტილების მიღება.

პირიქით, მას ჩვენ ვიცნობთ არა როგორც სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ჩვენს მეგობარ კოლეგას, რომელიც რიგითი მოსამართლის დატვირთვით საქმიანობს და არ სარგებლობას არავითარი შეღავათით.

ბოლოს გვინდა გაკვირვება გამოვხატოთ ბატონი შავაძის განცხადებაზე, იმის შესახებ რომ დავით მამისეიშვილი ორი წლის წინ მასზე ახდენდა ზეწოლას.

მას ყველა ჩვენგანთან ჰქონდა პირადი კომუნიკაცია და შეეძლო რომელიმესთვის მაინც ეთქვა ამის შესახებ. არასოდეს, მას ამ თემაზე არც ერთ ჩვენგანთან არ უსაუბრია. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი (რასაც კატეგორულად გამოვრიცხავთ) ჩნდება კითხვა რატომ დაელოდა ბატონი შავაძე მხოლოდ, მისი უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილებას მიღებას და მანამდე არ განაცხადა საჯაროდ მისივე განცხადებაში მითითებული ფაქტები.

ვემიჯნებით მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებებს და ბრალდებებს და ვთვლით, რომ აღნიშნული მიმართულია როგორც სასამართლოს თავმჯდომარის – დავით მამისეიშვილის, ასევე სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის და რეპუტაციის შელახვისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.