ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიღო.
„მზია ამაღლობელი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა მოსამართლემ.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და მოსამართლის მიმართ შეძახილები მოჰყვა. დარბაზში მსხდომები აცხადებდნენ, რომ სალიხ შაინიძემ ცრუ ჩვენებებსა და დაკავების გაყალბებულ ოქმზე დაყრდნობით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარეობს მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია.
დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა პროცესი გადაიდო იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, ბრალდების მხარემ კი ამ მტკიცებულებების უკეთ გასაცნობად დრო მოითხოვა. დღევანდელ სხდომას თავად მზია ამაღლობელიც ესწრებოდა.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.