ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს. პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავენ „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ფანგანს სოლიდარობას უცხადებენ.

ადვოკატ მალხაზ ზოიძის განცხადებით, ფანგანს ბრალი დევნაში ედება და ის მოითხოვს, სასამართლომ არ შეუფარდოს მას აღკვეთი ღონისძიება, რადგან მიიჩნევს, რომ არასასურველი ქცევის მიუხედავად, ფანგანის ქმედება ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში.

პროცესზე მივიდა თავად ირაკლი ფანგანიც, რომელიც ამბობს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ამ პიროვნებამ შეურაცხყოფა მიაყენა ყველა იმ ადამიანს, ვინც ორი თვეა, ბათუმში სიცივესა და ყინვაში აქციას მართავს. ამიტომ დავაყარე ნაგავი და არ ვნანობ, თუ საჭირო გახდა, იმავეს გავიმეორებ“,  – განაცხადა პროცესის დაწყების წინ ირაკლი ფანგანმა.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.

ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა. უწყებაში განმარტავენ, რომ პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.