ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან აქციაზე დაკავებული ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხუთივე წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან აქციაზე დაკავებული ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხუთივე წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხუთივე წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ხუთი პირი ვიყავით დაკავებული, გვითხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით დაგვაკავეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის გამო, თუმცა დაკავებიდან 2-3 საათში გაგვათავისუფლეს“ – განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა ხათუნა ბერიძემ.

გუშინ საღამოს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს, რომლებსაც შემაჯამებელი ოქმები და ბიულეტენები ოლქში შეჰქონდათ, სირცხვილის დერეფნები მოუწყვეს.

„ალტერნატივას“ წევრები აცხადებდნენ, რომ დერეფნების მოწყობა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. ისინი საათზე მეტი ხნის განმავლობაში სკანდირებდნენ „მონებო“, „გამყიდველებო“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, დაკავება ადმინისტრაციული წესით განხორციელდა, რადგან აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნებს, დაეცვათ სოციალური დისტანცია და ასევე, არ შეეშალათ ხელი საარჩევნო მოხელეებისთვის.