ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კომისიის დღვანდელ სხდომაზე დაგეგმილია არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს კომისიის ყველა წევრმა.

შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ ოქმის შედგენის პროცესი პროტესტის ფონზე ჩაივლის და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

„აჭარაში 25 000 ბათილი ბიულეტენია, დაკარგულია 5 600-ზე მეტი ბიულეტენი, ოქმების 75 პროცენტში ბალანსი არ ჯდება, მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბება დადასტურდეს. შემაჯამებელი ოქმის შედგენა ჩვენი პროტესტის ფონზე მოუწევთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.

საოლქო კომისიაში კი აცხადებენ, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა და ხარვეზების მიუხედავად, არჩევნებზე დაფიქსირდა ისეთი შედეგი, როგორიც იყო რეალობა.

„ბალანსში გულისხმობენ პროპორციულთან შედარებით მაჟორიტარული ბიულეტენების ნაკლებობას, რაც სრულიად დასაშვებია, რადგან ამომრჩეველთა ნაწილი არ მონაწილეობდა. ორი უბნის შედეგები გადავითვალეთ და შედეგებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა გამოსწორებად ტექნიკურ შეცდომებს“, – ამბობს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.