ბათუმის სანაპიროზე შშმ პირთათვის ზღვაში ჩასასვლელი ადაპტირებული ბილიკები მოეწყობა
ბათუმის სანაპიროზე შშმ პირთათვის ზღვაში ჩასასვლელი ადაპტირებული ბილიკები მოეწყობა

ახალი ტურისტული სეზონისთვის ბათუმის სანაპიროზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ზღვაში ჩასასვლელი ადაპტირებული ბილიკები მოეწყობა.

ბილიკების მონტაჟი მაისიდან იგეგმება. ხის სპეციალური ბილიკების სიგანე 1,2 მეტრი იქნება, სიგრძე კი – 80 მეტრს მიაღწევს.

„რვა ლოკაციაზე მოეწყობა ხის ტრანსფორმირებადი ბილიკი, ეს იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, ასევე ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის. სულ პლაჟის ინფრასტრუქტურისთვის, რომელშიც გასახდელები და საშხაპეებიც შედის, 115 ათასი ლარია წელს გათვალისწინებული“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილემ, გოჩა მჟავანაძემ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ადაპტირებული ბილიკების დამზადება-მოწყობისთვის ელექტრონული ტენდერი 30 მარტს გამოაცხადა. სამონტაჟო სამუშაოები ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში 41 902 ლარია გათვალისწინებული.