ბათუმის სანაპიროსა და ბულვარის ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა
ბათუმის სანაპიროსა და ბულვარის ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა

ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. სანაპიროზე უკვე გამოჩნდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც ზღვაში შესვლას არ ერიდებიან.

კლინიკა „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ინფექციონისტმა, ლევან ანთაძემ განმარტება გააკეთა, თუ რამდენად უსაფრთხოა ახლა ზღვაში ბანაობა და რა უნდა გაითვალისწინონ სანაპიროზე გასულმა მოქალაქეებმა.

„ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ზღვაში ბანაობა რაიმე საფრთხის შემცველია. ზღვის წყლით კორონავირუსი არ ვრცელდება“, – ამბობს ლევან ანთაძე და ამასთან, დამსვენებლებს დისტანციის დაცვის აუცილებლობას ახსენებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ზღვის წყალი საშიში არ არის.

„ბევრჯერ ითქვა ეს და ბანაობა სახიფათო არ არის. რეკომენდაციაა, რომ დაიცვან დისტანცია. ჯერ მსოფლიოში გამოცდილება ამ კუთხით ძალიან მწირია, ველოდებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაც იქნება ზღვაზე მოქცევის პროტოკოლი შემუშავებული, რითაც ვიხელმძღვანელებთ, ამ დროისთვის მაინც ვურჩევ მოქალაქეებს, დიდხანს ნუ გაჩერდებიან სანაპიროზე“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ბათუმის სანაპიროზე გასული მოქალაქეები ამბობენ, რომ ზღვის წყალი დღეს უჩვეულოდ სუფთაა.