ბათუმის სანაპირო ზოლიდან მერია უნებართვო ობიექტების აღებას იწყებს
ბათუმის სანაპირო ზოლიდან მერია უნებართვო ობიექტების აღებას იწყებს

ბათუმის სანაპირო ზოლიდან ქალაქის მერია უნებართვო ობიექტების აღებას იწყებს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მეპატრონეებმა  დემონტაჟი  სამი დღის განმავლობაში უნდა განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვოდ განთავსებული ობიექტების აღებას ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

მერიის ინფორმაციით, აღებას რვა კომერციული ობიექტი, მათ შორის რამდენიმე რესტორანი ექვემდებარება. უწყებაში აცხადებენ, რომ ობიექტები განთავსების ნებართვების ვადა წელს ამოიწურა, ახალი მოთხოვნები კი, ვერ დააკმაყოფილეს.

„უნებართვო გარევაჭრობისა და ტროტუარების შეზღუდვის მონიტორინგის შემდეგ, ბათუმის მერია ქალაქის საპლაჟო ზოლში უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს აღნიშნული ობიექტების დემონტაჟის შესახებ აფრთხილებს. მეპატრონეებმა გაფრთხილებები უკვე მიიღეს. გაფრთხილებიდან სამი დღის ვადაში, მათ ობიექტის დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება უნდა უზრუნველყონ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური თავად განახორციელებს ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანას. მეპატრონის მიმართ კი, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.