ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაურკვეველი სითხე დაასხეს, რის გამოც სხდომა შეწყდა [ვიდეო]

ბათუმის საკრებულოში სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გაურკვეველი სითხე დაასხეს, რასაც სხდომის შეწყვეტა მოჰყვა. დარბაზში სითხის დასხმის შედეგად მძაფრი სუნი დადგა.

სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის დღის წესრიგში ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაა. ბიუჯეტის პროექტის განხილვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ.

სხდომამ ამ წუთებში მუშაობა განაახლა.

სხდომის პარალელურად შენობის წინ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და საკრებულოს ახალი წევრები. ისინი სხდომაზე შესვლას ითხოვენ. შენობას სამართალდამცველების კორდონი იცავს.