ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დეპუტატების გამოკითხვა მიმდინარეობს
ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დეპუტატების გამოკითხვა მიმდინარეობს

​აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს. რამდენიმე დეპუტატმა შენობა უკვე დატოვა.

„ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.

„კითხვები ჰქონდათ დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ორივე ეპიზოდი გავიხსენე და დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია. ეს იყო მორიგი პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია და სიები მათ უკვე მიწოდებული ჰქონდათ. ტერენტი გრანელზე კი მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ირონია, რომლითაც კითხვა იყო დასმული „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის თქმით, მმართველი გუნდის წევრებს მწვავე შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ინტელექტი არ ჰყოფნით ან ემოციებს ვერ თოკავენ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადადიან. ქამადაძე ამბობს, რომ გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ.

ბათუმის საკრებულოში დღეს ორი დაპირისპირება მოხდა. პირველად დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის განცხადებებს მოჰყვა.  ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ვარაუდობს, რომ „ბათუმის წყალში“, „სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებ-ში ნეპოტიზმია, აღნიშნულ სამსახურებში ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული და სწორედ ამიტომ არ აწვდიან თანამშრომლების სიას.

მორიგი დაპირისპირება ტერენტი გრანელის ბიუსტის საკითხის განხილვას მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.

ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება. მირდატ ქამადაძემ მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.