ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, მირდატ ქამადაძეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს.

სულიკო თებიძის განცხადებით, ქამადაძე, რომელიც პროფესიით იურისტია და ადვოკატირებას ახორციელებდა ბევრ გახმაურებულ საქმეზე, საადვოკატო საქმიანობას აგრძელებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის თვითმმართველობის კოდექსთან, ასევე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონთან და კანონთან „ადვოკატთა შესახებ“.

„ფიქსირდება მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები. აღნიშნული ფაქტის შესახებ მივმართავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, მირდატ ქამადაძეს კი მივმართავთ, ან გააგრძელოს საქმიანობა, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ან როგორც კერძო ადვოკატმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები“, – განაცხადა სულიკო თებიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციები იქნება გამოყენებული ქამადაძის წინააღმდეგ. მას ასევე არ უთქვამს, ვის გაუწია ადვოკატირება მირდატ ქამადაძემ.

სულიკო თებიძის განცხადებით, ქამადაძე კერძო საადვოკატო საქმიანობას ქუთაისში ახორციელებდა და მას ამის დამადასტურებელი ფაქტები აქვს.

„მე მართლაც გავუწიე საადვოკატო მომსახურება ერთ-ერთ ფიზიკურ პირს უსასყიდლოდ და ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ სამსახურს ვაცნობე, მაგრამ მათ ვერ განმიმარტეს, იყო თუ არა ეს კანონდარღვევა. მე ამ პიროვნებას ადვოკატირებას 2014 წლიდან ვუწევ. ვფიქრობ, კანონი არ დამირღვევია, რადგან განმარტებაც ბუნდოვანია, მაქვს თუ არა ანაზღაურების გარეშე ადვოკატირების უფლება“, – ასე პასუხობს მირდატ ქამადაძე საკრებულოს თავმჯდომარის ბრალდებას.