ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო [ვიდეო]

ხმაურია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დაპირისპირება თავდაპირველად ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას მოჰყვა.

ოპოზიცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 1000 კილოვატიანი ვაუჩერის გადაცემას ითხოვდა, თუმცა უმრავლესობამ იმ მოტივით, რომ საჯითხი მოუმზადებელია, მის განხილვაზე უარი თქვა.

ხელმეორედ დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მირდატ ქამადაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს შორის მოხდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს.

“დაწყნარდით, ხელები დაიმშვიდეთ და დაჯექით”, – მიმართა თავმჯდომარემ დეპუტატს, რასაც დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა, იგი თავმჯდომარესთან მიიჭრა.

“შესაძლოა, თქვენი ტრიბუნიდან ძალიან პატარა ვჩანვარ, ამიტომ აქ მოვალ და მომისმინეთ”, – უთხრა საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ.

დაპირისპირება ხმაურში გადაიზარდა, რის გამოც შესვენება გამოცხადდა. ამ დროისთვის სხდომა განახლდა.