ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო .სხდომაზე დღეს ანბანის კოშკის მიმდებარედ „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა, რითაც კომპანია „სილქროუდმა“, რომელიც სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის აგებას გეგმავს, ადმინისტრაციული წარმოება დაასრულა და შემდგომ ეტაპზე წარმოადგენს დასამტკიცებლად უშუალოდ მშენებლობის პროექტს.

საკითხი 17 ხმით დამტკიცდა, რასაც „საზოგადოება ბათუმისა“ და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე სხდომათა დარბაზიდან დაცვის პოლიციამ გაიყვანა.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ „რივიერაზე“ ცათამბჯენების მშენებლობას წელიწადზე მეტია აპროტესტებს, ისინი მართავენ საპროტესტო აქციებს, შეაგროვეს ხელმოწერებიც. მოქალაქეთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობა შექმნის ეკოლოგიურ საფრთხეს და ასევე ქალაქს ჩაუკეტავს ზღვიდან ვენტილაციის საშუალებას.

„ეს არის არა ბათუმის საკრებულო, არამედ ასლან აბაშიძის უზენაესი საბჭო, ხელს სწევენ ყველაფერზე, რასაც უბრძანებენ“, -ამბობს პოეტი გენრი დოლიძე.

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. სულიკო თებიძე ამტკიცებს, რომ პროექტი ქალაქს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

„მხარი დავუჭირე, არა როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, არამედ როგორც რიგითმა მოქალაქემ, რადგან პროექტის მჯერა. მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს ინვესტორი და საშიში რომ იყოს ამ თანხას გადაყრის? შვიდჯერ ჰქონდა შეხვედრა კომპანიას მოსახლეობასთან, წარმოდგენილია უსაფრთხოების დასკვნებიც. 2000 ბათუმელი დასაქმდება ამ პროექტით და მილიონებს მიიღებს ადგილობრივი ბიუჯეტი“, განაცხადა სულიკო თებიძემ.