ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - სხვა რომ არაფერი, ხულოს მხატვარ სიმონ ართმელაძის სახელი და დიდება ეყოფა ბარე მთელი საუკუნე
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - სხვა რომ არაფერი, ხულოს მხატვარ სიმონ ართმელაძის სახელი და დიდება ეყოფა ბარე მთელი საუკუნე

სხვა რომ არაფერი, ამ ადამიანის სახელი და დიდება ეყოფა მთელ ხულოს რაიონს ბარე მთელი საუკუნე, – ეს სიტყვები ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ ცნობილი ქართველი მხატვრის, სიმონ ართმელაძის მისამართით საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ დაწერა. სწორედ ართმელაძის ნახატებია გამოფენილი ხულოს სამხატვრო გალერეაში.

მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ პოსტის დაწერის სურვილი ბოლო დღეებში ექსპრეზიდენტის მიერ ხულოში სამხატვრო გალერეის მისამართით გაკეთებული განცხადებისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხის შემდეგ საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შემდეგ გაუჩნდა.

„ყველამ იცის, რომ ხულოს სამხატვრო გალერეაში გამოფენილია სიმონ ართმელაძის ფოტოები, გარდა იმისა, რომ ის არის უნიჭიერესი და აღიარებული მხატვარი, არის ჩემი ოჯახის წევრიც და ძალიან კარგად ვიცნობდი ამ დიდებულ ადამიანს. მე ეს პოსტი ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტების გარეშე გულწრფელად დავწერე, იმ აჟიოტაჟის შემდეგ, რაც საზოგადოებაში ატყდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხულოს ჰყავს უდიდესი მხატვარი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მირდატ ქამადაძემ.

„ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი ხულოს ულამაზეს სოფელ ვაშლოვანში გავატარე. ყოველთვის სიხარულით მივისწრაფოდი, რადგანაც იქ მელოდა ჩემი ბაბუის, ალექსანდრე აბულაძის და დიდედის, ლამარა თედიაშვილის უზომოდ დიდი სითბო და სიყვარული. დღეს, როცა მეკითხებიან რა არის ბედნიერებაო, ჩემდაუნებურად პირველ რიგში თვალწინ ამ ადამიანების შემოგებება წარმომიდგება.

ამ სოფელში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძალიან კარგი მხატვარი და პედაგოგი, ყოველთვის მოწესრიგებული, დინჯი და გაწონასწორებული ადამიანი სიმონ ართმელაძე, იგივე სიმონ ბაბუა ჩემთვის. ჩვენ ერთი ეზო გვქონდა. სხვა რომ არაფერი, ამ ადამიანის სახელი და დიდება ეყოფა მთელ ხულოს რაიონს ბარე მთელი საუკუნე…“, – წერს საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ მირდატ ქამადაძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას განაცხადა: „ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.