ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან მოქალაქეთა გამოსახლება 27 სექტემბერს იგეგმება
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან მოქალაქეთა გამოსახლება 27 სექტემბერს იგეგმება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან მოქალაქეთა გამოსახლება 27 სექტემბერს იგეგმება. სასამართლოს გადაწყვეტილება სისრულეში სააღმსრულებლო ბიურომ უნდა მოიყვანოს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები გიული გელაძის ინფორმაციით, ის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ტერიტორიის დატოვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მხოლოდ მას მოუწევს.

„უნივერსიტეტმა სარჩელში თითო ოჯახიდან მხოლოდ თითო ადამიანის გამოსახლება მოითხოვა, იმ პირების, ვინც პირველად სტუდენტობის დროს შეასახლეს აქ. მე 1989 წლიდან აქ ვცხოვრობ, უკვე მყავს მცირეწლოვანი შვილები, ჩემთან არიან მშობლებიც. სააღმსრულებლო ბიურო ითხოვს 27 სექტემბერს მხოლოდ ჩემს გამოსახლებას, ანუ მე უნდა დავტოვო შვილები და გავიდე ღია ცის ქვეშ, სხვა საცხოვრებელი არ მაქვს, ბავშვებს ვერ გამოყრიან, მათ ევროპული კონვენცია და სხვა სამართლებრივი აქტები იცავს. ამ დროისთვის უნივერსიტეტის არაკვალიფიციური სარჩელი ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ მიდგომაა ჩვენს მიმართ არასწორი. სად უნდა წავიდე“, – ამბობს გიული გელაძე.

გიული გელაძე ამბობს, რომ გამოსახლების შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მიმართავს და უნივერსიტეტის შესასვლელთან კარავში იცხოვრებს.

უნივერსიტეტის იურისტი გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ სარჩელი 2014 წელს შეიტანეს და მხოლოდ ის პირები მიუთითეს, რომლებიც იმ დროს იკავებდნენ ფართს.

„არ ვიცი, შეიძლება შვილები და ოჯახის სხვა წევრები მერე შეიყვანეს საცხოვრებელში, ჩვენ მივუთითეთ, ვისზეც გაცემული იყო ფართი, დანარჩენს შევხედავთ, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.